Print

"ხელოვნური ინტელექტის საზოგადოება" - ბელა პოკოლი

ავტორი: მარიამ ნაკაიძე. კატეგორია: რეცენზიები წიგნებზე

             მოცემული რეცენზია წარმოადგენს  სამართლისა და სოციოლოგიის პროფესორის, უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, ბელა პოკოლის, წიგნის “ხელოვნური ინტელექტის საზოგადოება” მიმოხილვას. წიგნი გამოცემულია 2019 წელს.

ბელა პოკოლის აღნიშნული წიგნი ეძღვნება ხელოვნური ინტელექტის მზარდ განვითარებას საზოგადოებისა და ინდივიდის სოციალურ საქმიანობაში. წიგნის სათაურიდანვე იკვეთება ის ფაქტი, რომ არსებობს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სოციალური რეალობა, რომელიც იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ, ერთი მხრივ, ის საშიშროებისა და რისკის შემცველია, ხოლო, მეორე მხრივ,  ამარტივებს სოციალურ ურთიერთქმედებაში გარკვეულ პროცესებს.

 


ხელოვნური ინტელექტის დამკვიდრების სურვილი სოციუმში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფრიად აქტუალური საკითხია, რადგან მუდმივად ინოვაციებით დატვირთულ რეალობაში რთულია თვალის დახუჭვა იმ პროცესზე, რომელიც ადამიანის აზროვნების ფორმირებაში გარკვეულ ცვლილებებს გვპირდება. მოცემული წიგნის აქტუალურობა დღევანდელ რეალობაში საკმაოდ ყურადსაღებია, რადგან ის ისეთ თემებს მოიცავს, როგორებიცაა: ბიოლოგიურ გარემოზე დამოკიდებულების გარეშე სოციალურობის შევსების აშკარა მცდელობა, ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებული საზოგადოების ჩამოყალიბების სურვილი, “ეკრანის კაცის” მიერ ადამიანური საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით წარმართვა და ა.შ.


            ავტორს ჩატარებული აქვს მნიშვნელოვანი სამუშაოები,  კვლევის სერიოზული ანალიზი, რათა სწორად განისაზღვროს ხელოვნური ინტელექტის ზუსტი არსი, კერძოდ, ის გვიჩვენებს ადამიანის, როგორც ოთხი ფენის (ფიზიკური, ბიოლოგიური, ფსიქიკური, ინტელექტუალური) წარმომადგენლის, მზაობას ამ საკითხთან დაკავშირებით და წიგნის დასაწყისში გვთავაზობს რამდენიმე გამოჩენილი მეცნიერის კვლევებს, მაგალითად: ცნობილი ბიოლოგის, ჰუმბერტო მატურანას, შეხედულებებს ადამიანის, როგორც ბიოლოგიური არსების, შესახებ, გარდა ამისა, ბელა პოკოლი იშველიებს სოციოლოგ ნიკლას ლუმანისა და ფილოსოფოს ნიკოლაი ჰარტმანის მოსაზრებებს და  გვთავაზობს მათი შეხედულებების დეტალურ ანალიზს.


             ავტორი აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ სავსებით შესაძლებელია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა ხელოვნური ინტელექტის დამსახურებით. ეს კი, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს ადამიანის გამოცდილებებსა და შემდგომ მოქმედებებზე. როგორც ბელა პოკოლი შენიშნავს, სწორედ ამ პროცესს უწოდა კევინ კელიმ ტექნოლოგიური განვითარების გზა. რაც შეეხება “კომპიუტერიზებულ გაციფრულებას”, მისი აზრით, ის სხვა ტექნოლოგიური მოვლენების საფუძვლად შეგვიძლია აღვიქვათ. ბელა პოკოლი ამ წიგნში საუბრობს აგრეთვე ხელოვნური ინტელექტის გავრცელების ორ შესაძლებლობაზე, ესენია:
•    ძლიერი ხელოვნური ინტელექტი - ხელოვნური ინტელექტის ხარისხი, რომელიც ადამიანის გონებას “უთანაბრდება”.
•    ადამიანის ტვინის ისეთი ემულაცია, რომელიც იქნება ადამიანის ტვინის სულიერი შინაარსის ციფრული ასლი და შეძლებს ავტონომიურად მოქმედებას.


          ავტორი მოცემულ წიგნში სვამს საკვანძო შეკითხვებს და გვთავაზობს მათზე ვრცელ პასუხებს. ის აქტიურად საუბრობს ხელოვნური ინტელექტის განვითარების მთავარი მიმართულებების შესახებ და იმ საშიშროებასაც უსვამს ხაზს, რომლის მიხედვითაც, ჩვენ უნდა გვეშინოდეს სოციალურად ბრმა და მუნჯი, მაგრამ ძლიერი ტექნოლოგიური ინტელექტისა. ბელა პოკოლი ასევე აღნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ სრულად ავტომატიზებული და დიდი ცვლილებების უნარით შემოსილი ტექნოლოგიური ინტელექტი ვერ შეძლებს ადამიანური და საზოგადოების ფუნქციონირებისთვის საჭირო პირობების სრულად დაკმაყოფილებას.


          უნდა ითქვას, რომ ხელოვნურ ინტელექტს არსებობისათვის მხოლოდ ფიზიკური ფენა სჭირდება. ავტორი წიგნის ბევრ ნაწილში უსვამს ხაზს, რომ ტექნოლოგიური ინტელექტისთვის, რა თქმა უნდა, უცხოა ემოციები. რობოტულ ტექნოლოგიებში ადამიანის სამყაროში არსებული ნორმების გადარჩენა ამ წიგნის ერთ-ერთი ფუნდამენტური და საკვანძო საკითხია. რობოტულ ტექნოლოგიებში მორალური დილემებისა და პრობლემების უკეთ გასაანალიზებლად, ბელა პოკოლი იხსენიებს კოლინ ალენისა და ვენდელ ვალაჩის მიერ ერთობლივი კვლევის დროს გამოყოფილ სამ დონეს, ესენია: რობოტების ოპერატიული მორალის ხარისხი, ფუნქციური მორალის დონე და ავტონომიური დონე. წიგნში განხილულია ასევე ფიზიკური უსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხი და, თუ რომელს უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი?


        მოცემულ წიგნში ავტორი ყურადღებას ამახვილებს და დეტალურად გვიხსნის, თუ რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ტექნოლოგიური ინტელექტის აღზევება. ბელა პოკოლი გვთავაზობს მოცემული პრობლემის გადაჭრისათვის ორიგინალურ იდეებს.


     წიგნში მსჯელობა ლოგიკურად არის განვითარებული, ძირითადი დებულებები კი დადასტურებულია ციტატებით ავტორიტეტული/სანდო წყაროებიდან.


       წიგნში გამოვლენილ და გაშლილ ძირითად პრობლემებს ავტორი ლოგიკურ და ემპირიულად დასაბუთებულ კვლევებს უთავსებს, რომლებიც მას საკუთარი არგუმენტების გამყარებაში ეხმარება. ბელა პოკოლი აღნიშნავს, რომ ადამიანის საზოგადოებაში ხელოვნური ინტელექტის ფუნქციის გაძლიერება მისი ავტონომიურობის გარეშე უნდა ჩაითვალოს მომავლის რეალისტურ ხედვად. ყველაფერი, რასაც ჩვენს ინტერნეტსივრცეში ვათავსებთ, ხელს უწყობს უახლეს პლატფორმებზე გადასვლას. ასე რომ, კიბერსივრცის აჩქარება იწვევს ტრადიციულ სოციალურ დომენებში ცვლილებებს. 


       დასასრულ, შეიძლება ითქვას, რომ ნაშრომში საკითხი სრულყოფილად არის შესწავლილი, პრობლემური ასპექტები განხილულია და გამყარებულია სხვადასხვა კვლევითი დასკვნით. ნაშრომის მთავარი ღირსება კი ისაა, რომ ის საკმაოდ აქტუალურ და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემას შეეხება, განიხილავს მის დადებით და უარყოფით მხარეებს და გვთავაზობს მათი რაციონალური განვითარების გზებს. 








მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე